„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოში კორონავირუსის გამო შექმნილ იმ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ერთი თვის წინ, როდესაც "ახალი საქართველო" ხელისუფლებას მასობრივი დიაგნოსტიკის აუცილებლობის შესახებ აფრთხილებდა, რჩევა არ გაითვალისწინა და დღეს ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა სწორედ ტესტების არ ქონაა.
ვაშაძის განცხადებით, როდესაც მოქალაქეები კლინიკებში მიდიან, მათ კორონავირუსის ტესტს ვერ უკეთებენ, რადგან ქვეყანაში ამის რესურსი არ არის.
„გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მძიმე რეალობაში ვართ, არ ვიცით გვექნება თუ არა ეპიდაფეთქება. ამას ემატება შიმშილის პრობლემა, რომელიც დღეს უკვე დგას ქვეყანაში. ერთი თვის წინ, როცა ჩვენ ავტეხეთ განგაში მასობრივი დიაგნოსტიკის აუცილებლობასთან დაკავშირებით, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაგვატარეს და ტროლებით შეტევა დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" ჩვენზე.
"დღეს ყველა თანხმდება, რომ ნომერი პირველი პრობლემა ქვეყანაში არის დიაგნოსტირება და ტესტირება. რატომ არ იყო ეს მარტში საჭირო და რატომ არის დღეს ეს ყველაფერი? დიდი შეცდომა არის დაშვებული მარაგების მოგროვების კუთხით. დანაშაულია, როცა დღეს ექიმთან მიდის ადამიანი და ექიმებს არ აქვთ შესაძლებლობა დაუსვან დიაგნოზი კორონავირუსთან დაკავშირებით.
"ვანის, ქობულეთის, ბათუმის და თემქის ყველა შემთხვევა ადასტურებს, რომ ადამიანები მიმართავენ ექიმებს, ექიმებს კი არ აქვთ სადიაგნოსტიკო შესაძლებლობა და ისინი ვერ სვამენ კორონავირუსის დიაგნოზს.
"ჩვენი გეგმით 30 000 ადამიანი იქნებოდა ტესტირებული და გაცილებით შემცირებული იქნებოდა ვირუსის გავრცელების არეალი. დღეს მოლოდინის რეჟიმში ვართ და შიმშილის პრობლემის წინაშე დავაყენეთ მთელი საზოგადოება. ყოველი დაგვიანებული დღე მასობრივი დიაგნოსტიკის თვალსაზრსით კიდევ ერთი გაჩერებული ეკონომიკის დღეა, შიმშილის კიდევ ერთი დამატებული დღეა რომელიც არის ქვეყანაში.
"ადამიანებს აქვთ სიმპტომები, ზოგს ეჭვი აქვთ, რომ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი და ისინი დიაგნოსტირებას ვერ იტარებენ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? მოვუწოდებ ხელისუფლებას დაიწყონ ადამიანების დიაგნოსტირება. თუ ამას არ დავიწყებთ ჩვენ კიდევ უფრო მეტი შიმშილი და კიდევ უფრო მეტად გაჩერებული ეკონომიკა გვემუქრება. დანაშაულია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს მასობრივი დიაგნოსტიკა დაწყებული ქვეყანაში“, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.